რეალურად სტიქიური მოვლენა იყო მყისიერი და ეს დასტურდება იმ მონაცემებით, რაც შესაბამის სტრუქტურებს აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემგანაცხადა, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე იმყოფება.
„რეალურად უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ასე ვთქვათ, შეგნებულად დამახინჯებული ინფორმაცია. მაგალითად ჯერ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჭარბი წყალი და დაგუბება იყო და ეს იყო სტიქიის მიზეზი და ეს რამდენიმე დღით ადრე მოხდაო. მერე ითქვა პირიქით, რომ წყალი არ მოდიოდა მდინარეში და აქედან უნდა დაედგინა სახელმწიფოს, რომ პრობლემა იყო და ა.შ. სინამდვილეში გაირკვა, რომ დღეების განმავლობაში, ბოლო პერიოდში წყლის დონის არც მატება და არც კლება არ ფიქსირდება. წყლის მზომები არსებობს და ადგილზეა ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი.
დღეების განმავლობაში არის ეს ყველაფერი შესწავლილი და ამოღებული ინფორმაცია. წყლის დონის არც მატება და არც კლება არ დაფიქსირებულა. ჩვენ მოვისმინეთ უამრავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს არ აქვს პრევენციული ზომები, არ ხდება ამის გაზომვა და ა.შ. ყველაფერი გაზომილი იყო და არ ფიქსირდებოდა არავითარი არც მატება და არც კლება. რეალურად სტიქიური მოვლენა იყო მყისიერი და ეს დასტურდება იმ მონაცემებით, რაც შესაბამის სტრუქტურებს აქვთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 17 ადამიანია დაღუპული, 19 ადამიანს კი ეძებენ.