სპეკულანტობის პრაქტიკა მთლიანად უნდა აღმოიფხვრას ენერგეტიკის სექტორში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დამკვიდრებული იყო არაერთი მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, გადაყიდვები.
„იყო მანკიერი პრაქტიკები სხვადასხვა მიმართულებებით, რასაც ჩვენ ვებრძოდით ამ თვეების განმავლობაში და ეს ყველაფერი ნელ-ნელა იწმინდება. მაგალითისთვის, ეს იყო გადაყიდვების პრაქტიკა. ანუ, ჰაერზე გაიცემოდა ნებართვები, ხდებოდა კონკრეტული ტერიტორიების მონიშვნა, სადაც შეიძლებოდა, აშენებულიყო ჰესი, ან ჰესის სადგური, ან ქარის სადგური და, რეალურად, ნულიდან ცდილობდნენ კონკრეტული ადამიანები ნებართვის გადაყიდვას საკმაოდ დიდ ფასებად. ერთ მგვტ-ში, შეეძლოთ, აეღოთ 20 000 აშშ დოლარი. ეს პრაქტიკა იყო, მაგალითად, ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ენერგეტიკის განვითარება. ჩვენი სურვილია, მთლიანად გავხსნათ ეს პროცესი, მათ შორის, მთლიანად აღმოიფხვრება გადაყიდვის პრაქტიკა, სპეკულანტობის პრაქტიკა მთლიანად უნდა აღმოიფხვრას ამ სექტორში. გარდა ამისა, გვაქვს ეჭვი, რომ ხელოვნურად ფერხდებოდა გარკვეული ნებართვების გაცემა, ხან, პირიქით, ხელოვნურად ჭარბად გაიცემოდა გარკვეული ნებართვები. ეს ყველაფერი უნდა გაიწმინდოს, გაიფილტროს და მთლიანად უნდა გაიხსნას პროცესში. ჩვენ გვჭირდება სერიოზული შედეგების მიღწევა ენერგეტიკის სფეროში. დღეს ჩვენი გენერაცია, დაახლოებით, არის 4 700 მგვტ, 3 200 იყო 2012 წელს, გაიზარდა, დაახლოებით, 4 700-მდე და ჩვენი სურვილია, 8 000-მდე ავიდეთ ოთწლიან პერსპექტივაში, რაც ძალიან რთული ამოცანაა, თუმცა რეალურია. დღეს არის გაცემული ნებართვები 15 000 მგვტ-ზე მთლიანობაში, პროცესები არის დაწყებული, თუ ჩვენ გავხსნით პროცესს, ეს მიზნები არის მიღწევები და სწორედ ამას ემსახურება დავალიანებების ჩამოწერა, რაზეც დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რომელიც ენერგორესურსების ნაწილში რუსეთზე დამოკიდებულებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ გენერაცია შესაბამის ნიშნულამდე გაიზრდება, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, გახდეს სრულად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით.
„ჩვენ თუ გავზრდით გენერაციას შესაბამის ნიშნულამდე, ეს ნიშნავს, რომ ვიქნებით სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, დარჩება დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე, ნავთობზე, სადაც რესურსები ჩვენ არ გვაქვს. როცა საუბარია თვითკმარობაზე, აქ იგულისხმება 12 თვის განმავლობაში თვითკმარობა, ანუ პრინციპულ თვითკმარობაზეა საუბარი, სრულ თვითკმარობაზე. ასეთ შემთხვევაში უკვე მეტი საექსპორტო ელექტროენერგია, შეიძლება, შეიქმნას ქვეყანაში. ამას სჭირდება პროცესების დაჩქარება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მაინცდამაინც სწრაფად არ წარიმართებოდა პროცესები, თუმცა იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მივიღეთ, არსებითად დაჩქარდება პროცესები. მეტი ინვესტიციები ჩაიდება ჩვენი მხრიდანაც. 349 მლნ ლარი დაიზოგა მარტო პროექტების ოპტიმიზაციის შედეგად, მაგალითად, კადრების ოპტიმიზაციის შედეგად და სხვა მიმართულებებით, წლიურ ჭრილში იზოგება 25 მლნ ლარი. ოთხ წელიწადში ეს არის 100 მლნ და ესეც ჩაბრუნდება სისტემის განვითარებაში, მოხმარდება ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











