ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველაფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე უსწრებს ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას.

„რეალურად, ყველა ხედავს, რა ვითარებაა. ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს. ჩვენ ხშირად ვთხოვთ ხოლმე, მათ შორის ევროპელ კოლეგებს, წარმოადგინონ კონკრეტული ფაქტები, თუ რაიმე შენიშვნა აქვთ სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად, წლების განმავლობაში ვითხოვდით, წარმოედგინათ, სასამართლოს თუნდაც ერთი საქმე, სადაც ისინი ხედავდნენ უსამართლო გადაწყვეტილებას. ვერცერთ ასეთ საქმეზე ვერ გვესაუბრებოდნენ, უფრო მეტიც, იყო არაერთი საქმე, პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმე, მათ შორის, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში და ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მოიწონა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა ვითარებაა მართლმსაჯულების სისტემაში. ამ ფონზე, ჩვენ გვახსოვს, რომ მთელი რიგი კამპანიები იყო ინიცირებული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა, ყველა ეს კამპანია ჩავარდა სწორედ იმის გამო, რომ სინამდვილე არის სხვა. სინამდვილე არის, რომ ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.