შოვში მომხდართან დაკავშირებით, ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით.
„არავინ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა. ახლა გასაგებია, არის ემოციური ფონი და ეს აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა, ყველაფერი გაირკვევა საბოლოო ჯამში. ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით. როგორც კი იქნება ეს დასკვნა, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს კომენტარები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, ამბობენ, რომ რამდენიმე დღით ადრე დაიწყო პროცესები, თუმცა არ მიექცა შესაბამისი ყურადღება, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, კობახიძემ აღნიშნა, რომ ახლა ამ დეტალებზე საუბარი არ იქნება სწორი.
„მე მაქვს ჩემი ინფორმაცია ბუნებრივია, ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემგან არ იქნება სწორი ამ დეტალებზე საუბარი. არიან შესაბამისი უწყებები, შესაბამისი სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ კომპეტენტური პასუხის გაცემა ამასთან დაკავშირებით. მე რაც არ უნდა ინფორმირებული ვიყო ამ ყველაფერზე, ჩემგან არ იქნება სწორი დეტალების შესახებ კომენტარის კეთება. ყველაფრით დავინტერესდებით. მე არ შევალ დეტალებში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რაც არ უნდა ბევრი ინფორმაცია მქონდეს, არ ვარ კომპეტენტური რომ ამ კითხვებს ვუპასუხო. არის შესაბამისი, კომპეტენტური სტრუქტურები, ადამიანები არიან, რომლებმაც უნდა უპასუხონ ამ შეკითხვებს“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რამდენად სწრაფად და სწორად წარიმართა სამაშველო პროცესი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამაშველო პროცესი არ გაჩერებულა.
„იცით, რომ სამაშველო სამუშაოები არ გაჩერებულა. საუბარი იყო ერთადერთ ვერტმფრენთან დაკავშირებით. თუმცა ამაზე მე როგორც ვიცი, არსებობს სათანადო პასუხი. თან მხოლოდ ღამის ხედვაში არ იყო აქ საქმე. რელიეფის გათვალისწინებით, პირობების გათვალისწინებით, ვერტმფრენებს გაუჭირდებოდათ ყველა შემთხვევაში ამ პირობებში სამუშაოების გაგრძელება ღამის განმავლობაში, თუმცა აქაც არ იქნება სწორი, რომ მე შევიდე რაიმე დეტალებში. არიან სამაშველო უწყებები, მაშველები, მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაციის მოწოდება ამასთან დაკავშირებით და ასე აჯობებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.