საბედნიეროდ, საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ქართველი ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამით საქართველოს არეულობა და დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„როგორც მოგეხსენებათ დღეს ჩვენ წარვადგენთ ჩვენი გუნდის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს. ვიდრე სიის წარდგენას შევუდგებით, გვინდა შეგახსენოთ განვლილი 4 წელიწადი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პერიოდი, რომელიც იყო აღსავსე ურთულესი გამოწვევებით ჩვენი ქვეყნისთვის.

ყველას გახსოვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარალელური ხმის დათვლის გაყალბება, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარება და პარლამენტის რამდენიმეთვიანი საბოტაჟი. ასევე, ყველას გახსოვთ საბოტაჟის გარე მხარდაჭერა და 19 აპრილის გარედან თავსმოხვეული ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც სამ მიზანს ისახავდა: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, სასამართლოზე „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის დაბრუნებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე რადიკალური ოპოზიციის კონტროლის დამყარებას. ყველას გახსოვთ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაც, რამაც ქვეყნის განვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნა და სახელმწიფოს ღირსება შეუნარჩუნა.

ყველას გახსოვთ შუალედში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღალატი, რასაც რადიკალური ოპოზიციის მფარველების გათვლით, „ქართული ოცნების“ გუნდი უნდა ჩამოეშალა და ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებამდე უნდა მიეყვანა.

საბედნიეროდ, საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ქართველი ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამით საქართველოს არეულობა და დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან“, - აღნიშნა მან.