პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს რომ  რუსეთის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის ქვეყანას არაფერი საშიშროება არ ემუქრება და   უსაფრთხოება არის დაცული.

"ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც კი არ უთქვამს. ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული, ყველაფერი არის დაცული. ამაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი სახელმწიფო უწყებები. სახელმწიფო მყარად დგას უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს, გახარიას მითითება ამასთან დაკავშირებით არ გვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ფეისბუკსტატუსთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, საქართველო არ ერევა რუსეთის შინა პოლიტიკაში. 

„ჩვენ ვერ ჩავერევით ვერცერთი სახელმწიფოს, მათ შორის, ვერც რუსეთის შიდა პოლიტიკაში. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სწორედ ამაზე ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარია წერს: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები!

ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის დაძაბულობაა. მოსკოვისა და როსტოვის ქუჩებში, სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა.

შეგახსენებთ რომ სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ჯგუფის დამფუძნებლის სახელით გავრცელებულ არცერთ განცხადებას არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ამ კუთხით უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონო ქმედებები“, – აღნიშნულია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სამხედრო ჯგუფის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს.