როდესაც „ლელო“ ღიად ითხოვს სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევს ეკონომიკის შემცირებას სულ მცირე 10 % ით, დაახლოებით 150 000 ადამიანი პირველივე წელს დაკარგავს სამსახურს, უამრავ ადამიანს შეუმცირდება შრომის ანაზღაურება, ამას ითხოვს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, „ლელო“. ეს ნიშნავს, რომ ის არის ანტიქართული პოლიტიკური გაერთიანება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდია „ლელოს“ ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის გაღარიბებისკენ, მხარს ვერ დაუჭერს.
„ლელოს“ უნდა ქართული საზოგადოების გაღარიბება. ეს არის ჩვეულებრივი, ანტიქართული პოლიტიკური კლუბი ანტიქართული პოლიტიკური ინიციატივებით. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ არ გავაღარიბოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, უმძიმესი დარტყმა არ მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. „ლელოს“ მიზანია საპირისპირო, უმძიმესი დარტყმა მიაყენოს ქართულ ეკონომიკას, გააღარიბოს საქართველოს მოსახლეობა. მათ იმედი აქვთ, რომ მოსახლეობის გაღარიბების პირობებში მაინც მოახერხებენ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას. ჩვენ ვერ ვიზრუნებთ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაზე „ლელოს“ მიერ ქვეყნის გაღარიბების ხარჯზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ასევე სპეკულაციებია, რომ პრობლემურია რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს უძრავი ქონების ყიდვის საკითხი.
„რაც შეეხება უძრავი ქონების შეძენას, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. არავითარი პრობლემური მაჩვენებელი არ არის ამ კუთხით. არის უამრავი ქართველი, რომელსაც აქვს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა და ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოშიც. ცარიელი სპეკულაციებია ეს ყველაფერი. ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს, რომ რამენაირად გაღარიბდეს ქვეყანა, მოსახლეობა. მეტი მიზანი ამ ყველაფერს არ აქვს. ეს არის „ლელოს“ მიზანი, დაწესდეს სანქციები ამა თუ იმ ფორმით იმისათვის, რომ სინამდვილეში დაისაჯოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა. რეალურად, როცა შენი სანქციებით ვერავითარ ზიანს ვერ აყენებ რუსეთს, მაგრამ ზიანს აყენებ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ მოსახლეობას, აქ ხომ ძალიან მარტივად ჩანს რეალურად, რა არის მათი განზრახვა. ყველასთვის მოქმედებს თანაბარი პირობები და არავითარი მძიმე მაჩვენებლები არ არის, რომელიც მისცემდა „ლელოს“ თუნდაც სპეკულირების საფუძველს და საბაბს სპეკულირებისთვის. როდესაც შენი სანქციებით რუსეთს ვერ მიაყენებ ზიანს და ზიანს მიაყენებ საკუთარ ქვეყანას, ამას ითხოვს ეს პოლიტიკური კლუბი, მათი მიზანი არის საკუთარი ქვეყნის გაღარიბება, საკუთარი მოსახლეობის გაღარიბება და ამისთვის შემოაქვთ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.