ასეთი განცხადება ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა.

არ ვიცი, სად ნახა აშშ-ის ელჩმა 2019 წლის და დღევანდელი ვითარების შედარება, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ და აშშ-ის ელჩმაც უნდა შეადაროს 2008 წელი და დღევანდელი მოცემულობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„2008 წელს მოხდა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მაშინ დაიღუპნენ ჩვენი გმირები; მაშინდელ ომს შეეწირა ხუთასი ადამიანი, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირი, 30 000 ადამიანი დევნილად გვიქციეს და მაშინ დაიწყო სააკაშვილმა საუბარი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე; მაშინ საუბრობდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების საჭიროებაზე და პირდაპირ მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში საუბრობდნენ ამ ყველაფერზე; რუსეთის პასპორტი არ დათმო მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებს ცალმხრივად გაუუქმა სავიზო რეჟიმი; ის პირადად ჩადიოდა ლარსთან და პირადად მასპინძლობდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში. ეს იყო მაშინდელი ვითარება, როდესაც ქართველების სისხლი დაიღვარა 2008 წელს, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20% და 30 000 ადამიანი პირადად სააკაშვილმა და მისმა სისხლიანმა რეჟიმმა დევნილად აქცია. ამის შემდეგ დაიწყეს მათ საუბარი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და ამას ვადარებთ ჩვენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საუბარია იმაზე, თითქოს რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებით საქართველო უფრო მეტად გახდება დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე და ასე შემდეგ, რაც აბსურდია.

„ჩვენ ხომ აღიარებული გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან და თუ ასეთი მარტივად იწვევს დაახლოებას უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები და ასეთი ნაბიჯები, მინდა, შეგახსენოთ, რა ვითარება გვაქვს დღემდე აშშ-სა და საქართველოს შორის – მთელი ამ წლების განმავლობაში, 2017 თუ 2018 წელს იყო საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, მაგრამ შეწყდა რამდენიმე თვეში. აშშ-თვის ხომ ძალიან მარტივია ამ შეთანხმების გაფორმება საქართველოსთან, არავითარი რესურსი არ იხარჯება და არაფერი, მაგრამ არ ფორმდება და რატომ, არ ვიცი. ეს ერთი; მეორე, რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ბრიტანეთის საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე დევს შარშანწინდელი ამერიკული საკონსულოს სტატისტიკა, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუკმაყოფილდათ სავიზო განაცხადების 37%. იგივე სტატისტიკა დევს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის, რუსეთის შარშანწინდელი სტატისტიკაც დევს, სადაც ომამდე ვითარებაა ასახული და იქ 63%-დან 88%-მდე მერყეობს ვიზების გაცემის სტატისტიკა. არ ვიცი, ამას რა ლოგიკური ახსნა აქვს. ვიზალიბერალიზაციას ხომ არ ვითხოვთ, სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მაგრამ როგორ შეიძლება, ასეთი მკაცრი პოლიტიკა გქონდეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ – 37% ჩვენთან და 63%-დან 88%-მდე მეზობელ ქვეყნებში? იგულისხმება როგორც რუსეთი, ასევე სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. რა ახსნაა ამაში, რატომ არ ხდება მაშინ დაახლოება, თუ ეს დაახლოებას ნიშნავს? პირდაპირ ფრენებზე ვთქვათ, რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველოსა და აშშ-ს შორის? მე რომ ვიყო, მაგალითად, აშშ-ის ელჩი, ამაზე ვიზრუნებდი. მით უმეტეს, თუ ფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობებია დაკავშირებული უვიზო მიმოსვლასთან ან პირდაპირ ფრენებთან, მაშინ დააწესე პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა ან თავისუფალი ვაჭრობა“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საილუსტრაციოდ გამოდგება აშშ-ის ვიზებზე უარის თქმა სტუდენტებისთვის და ანსაბლ „მართვესთვის“, როცა საბავშვო ანსამბლს ამერიკული მოწვევით გასტროლები ყველანაირად დაორგანიზებული ჰქონდა და აშშ-ის საკონსულომ მთელი ანსამბლი საქართველოში დატოვა.

„მე მგონი, ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს აშშ-ის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. მგონი, ჯობია, თვითონ გადადგან ასეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება იმავე სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას, თუმცა გავიდა 30 წელი და, სამწუხაროდ, ამაზე საუბარიც არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი"