განსახილველ საკითხებში მეექვსე საკითხად დაემატა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელსაც გამოვიტან სხდომაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია უკვე პარლამენტის დადგენილების პროექტი, გრაფიკთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, წარმოდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას მიერ წარმოდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2023 წლის 16 ოქტომბრის დასკვნა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე. ასევე, პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია უკვე პარლამენტის დადგენილების პროექტი გრაფიკთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.