სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან, - - ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს“, - განაცხადა ორაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციოს პალატამ, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა