„ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენჯერაც უჩივლეს სტრასბურგის სასამართლოში, ყველა საქმეში დარჩა წაგებული და რამდენჯერაც თავად შეიტანა სარჩელი, ყოველ ჯერზე დარჩა წაგებული, ეს არის უკვე რაღაც ქრესტომათიული მოვლენა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას უკავშირდება, რომ მიხეილ სააკშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება არასწორი იყო.
„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ და სტრასბურგის სასამართლოს დაპირისპირებას, ეს არის უკვე რაღაც ქრესტომათიული მოვლენა. ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამა თუ იმ ფორმით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, ყველგან დარჩა წაგებული. რამდენჯერ უჩივლეს „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველა საქმეში დარჩა წაგებული და რამდენჯერაც თავად შეიტანა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, ყოველ ჯერზე დარჩა წაგებული. აქედან გამომდინარე, არ გვიკვირს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გვარამიას ის განცხადება სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რომ ჯანმრთელობაზე არ უნდა ყოფილიყო გადატანილი ყურადღება, რა თქმა უნდა, ამაში ვეთანხმები გვარამიას. ეს 600-დღიანი „ფეიკი“ საბოლოო ჯამში გასკდა საპნის ბუშტივით. როგორც კი სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ამ თემაზე, მაშინვე მოუწია სააკაშვილს იმის თქმა, რომ ის აღარ კვდება. 600 დღის თავზე მან უარი თქვა ყოველდღიურ სიკვდილზე და პირიქით, განაცხადა პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე.
რაც შეეხება თვითონ გვარამიას ქმედებებს, მისი მაპოლარიზებელი ქმედებები თანდათანობით სულ უფრო გაღრმავდება, ამაში ბუნებრივია, ეჭვი არავის ეპარება. ბოლოს დაასრულებს ისევ იმით, რითაც დაიწყო – ეს არის ბილწსიტყვაობა და ა.შ. ეს ბუნებრივია, ყველას მოლოდინია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.