"მივიღეთ გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება, უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრა. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: "31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად."
მოგვიანებით კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უპასუხა, რომ სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა წლის ბოლომდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ვიზიტზე.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზედაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.
ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე.
სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.
შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა." - ნათქვამია მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში