გუშინდელი დღიდან სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად, ის სინამდვილეში რჩება „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ ფაქტობრივად დაახლოებით 50-მა „ნაციონალმა“ აირჩია სალომე ზურაბიშვილი „საქართველოს პრეზიდენტად“.
„რა მოიტანა იმპიჩმენტმა, პირველ რიგში დადგინდა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, რაც არის მნიშვნელოვანი ასევე პრევენციული თვალსაზრისით, მეორე – ჩვენ ვიხილეთ ლუსტრაცია იმ ალიანსისა, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის, ესეც არის მნიშვნელოვანი შედეგი. ასევე თქვენ ნახეთ, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის დარღვევა და დეპუტატების უმრავლესობა აღარ მიიჩნევს მას პრეზიდენტობის ღირსად, ასეთ პირობებში, გუშინდელი დღიდან სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად, ის სინამდვილეში რჩება „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად. გუშინ ფაქტობრივად დაახლოებით 50-მა „ნაციონალმა“ აირჩია სალომე ზურაბიშვილი „საქართველოს პრეზიდენტად“, სინამდვილეში „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.