„იმედისთვის“ და „პოსტვსთვის“ დაწესებული ბრიტანული სანქცია არის ბევრად უფრო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და კონკრეტულად მედიის თავისუფლების, ვიდრე ადამიანის უფლებების ის დარღვევა, რაც ვიხილეთ თუნდაც დანიაში, ხომ უკიდურესად უხეში და ბრუტალური იყო რაც ვიხილეთ დანიაში, ამასთან შედარებითაც კი ბევრად უხეში დარღვევაა ადამიანის უფლებების ის, რაც მოხდა ბრიტანეთში „იმედთან“ და „პოსტვ“-სთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი აჩვენებს ევროკავშირის ღირებულებით დეგრადაციას.
„ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი დანიაში მომხდართან დაკავშირებით და, პრინციპში, რაც მოხდა „იმედთან“ და „პოსტვ“-სთან დაკავშირებით, ვგულისხმობ კიდევ უფრო მძიმე ფაქტს, არა ევროპარლამენტში საქმიანობის შეჩერებას, არამედ ბრიტანეთის მიერ ტელევიზიის დასანქცირებას, ეს ბევრად უფრო მძიმეა ადამიანის უფლებების კუთხით. რა თქმა უნდა, რაც მოხდა დანიაში, იმას ვერანაირად ვერ გაანეიტრალებ აღქმაში, მაგრამ ჩემთვის „იმედისთვის“ დაწესებული ბრიტანული სანქცია არის ბევრად უფრო უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და კონკრეტულად მედიის თავისუფლების, ვიდრე ის ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც ვიხილეთ თუნდაც დანიაში. ხომ უკიდურესად უხეში და ბრუტალური იყო რაც ვიხილეთ დანიაში, ამასთან შედარებითაც კი ბევრად უხეში დარღვევაა ადამიანის უფლებების ის, რაც მოხდა ბრიტანეთში „იმედთან“ და „პოსტვ“-სთან მიმართებით. ესეც აჩვენებს დეგრადაციას.
თან ბრიტანეთი, ინგლისი კონკრეტულად, არის ქვეყანა, სადაც წარმოიშვა ადამიანის უფლებები თანამედროვე გაგებით და ასეთი ქვეყანა აბსოლუტურად არაფრად აგდებს მედიის თავისუფლებას და დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ვერც ერთი სტანდარტით ვერ გამართლდება. თავისი მარტივი წესები აქვს მედიის თავისუფლებაში ჩარევას. არსებობს სახელმძღვანელოები ინგლისურენოვანი, გერმანულენოვანი, ფრანგულენოვანი, ყველანაირი, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც შეიძლება გაამართლო იმ ფორმის ჩარევა მედიის თავისუფლებაში, რაც ვიხილეთ ბრიტანეთის მხრიდან. ასეთი სახელმძღვანელო უბრალოდ არ არსებობს, ასეთი მეცნიერული მიდგომა უბრალოდ არ არსებობს. ზუსტად ისეთი ბრუტალური აქტი იყო, რაც გააკეთა ბრიტანეთმა, ამის გაგრძელება იყო შემდეგ ევროპარლამენტი, რაც ვიხილეთ დანიაში. შესაბამისად, ესეც აჩვენებს იმ უმძიმეს სახეს, რომლითაც წარსდგა ბოლო დროს ევროპული ბიუროკრატია ფართო საზოგადოების წინაშე. არავითარი ახსნა და გამართლება ამ ყველაფერს არ აქვს, არც იმას, რაც მოხდა ბრიტანეთში, არც იმას, რაც ვიხილეთ ევროპარლამენტში. ეს აჩვენებს ევროკავშირის ღირებულებით დეგრადაციას, ამის იქით სხვა შეფასება ვერ გაკეთდება,“- აღნიშნა პრემიერმა.








