საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს − ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
ჯოზეფ ბორელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების შედეგია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. პრემიერ-მინისტრმა ამ მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ღირებული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ გასულ წელს საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მისი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს თანადგომისთვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.