ჩვენ მხარს ვუჭერთ „ნაცმოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლას, მათ შორის პარლამენტს შიგნით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს და პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალებას აძლევს, მათ შორის, ერთი ბლოკით პარლამენტში შესულ დეპუტატებსაც, თუკი ისინი ფრაქციას დატოვებენ.

მისივე თქმით,  „ეს არ არის პერსონალური მხარდაჭერის საკითხი“ და პროექტს მხარს იმიტომ უჭერენ, რომ ის "ნაცმოძრაობის" შემდგომ დაშლას წაახალისებს, მათ შორის პარლამენტს შიგნით.

"ოპოზიციონერები, ხედავთ, რომ ერთმანეთს აბრალებენ ღალატს. თავიდან რადიკალურმა ოპოზიციამ 5 ოპოზიციონერ დეპუტატს დააბრალა ღალატი, შემდეგ დაემატა იგივე ბრალდება 2 დეპუტატის - ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიმართ. რაც შეეხება კონკრეტული ინიციატივის მხარდაჭერას, ზოგადად, ეს კანონპროექტი წაახალისებს "ნაცმოძრაობის" შემდგომ დაშლას, მათ შორის პარლამენტს შიგნით. რაც მეტად დაიშლება "ნაციონალური მოძრაობა", მით უკეთესი, რომ სწორი მიმართულებით გაგრძელდეს პროცესები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. ეს არ არის პერსონალური მხარდაჭერის საკითხი, ჩვენ მხარს ვუჭერთ "ნაცმოძრაობის" მარტივ მამრავლებად დაშლას, მათ შორის პარლამენტს შიგნით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.