ჩვენ მკაფიო პოზიცია გვაქვს - არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ არც ვიძლევით გვერდის ავლის საშუალებას. ეს არის ჩვენი მყარი დამოკიდებულება. თუ ვინმეს საუბარი აქვს სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად ჩაკეტვაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა  კატარში განმარტა, რომ რასაც საქართველო რუსეთთან მთელი წლის განმავლობაში ვაჭრობს, იმას ოთხი დღის განმავლობაში ვაჭრობს ევროკავშირი რუსეთის ფედერაციასთან.

„აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად და ჩვენც, პირველ რიგში, ვმოქმედებთ საკუთარი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად. სწორედ ამ ინტერესებს შეესაბამება ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ სანქციების გვერდის არავლას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.