ჯერ ზუსტად არ მომისმენია ეს ფრაზა, აქედან გამომდინარე, კომენტარი გამიჭირდება, რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ისინი არის ასახული, მათ შორის საპარლამენტო დოკუმენტებში, კონსტიტუციაშიც კი, აქ ჩვენი პოზიცია ცხადი და ნათელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ფაქტის კონსტატაციაა, რომ უკრაინა ნატო-სკენ სწრაფვისთვის დაისაჯა.

„მიხეილ სააკაშვილი იყო სწორედ ის რადიკალური ლიდერი, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა შემდეგი რამ, ის პირდაპირ სთავაზობდა რუსეთის ფედერაციას ნატო-ს დათმობას ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ. ეს დაადასტურა მიხეილ საკააშვილმა. ეს არის მისი დამოკიდებულება.დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატო-სკენ სწრაფვა. ეს არის მათი განცხადება. არის ეს დამოკიდებულება, ეს პოზიცია, რომ უკრაინა დაისაჯა ნატო-ში გაწევრიანების სურვილისთვის. ეს არის ფაქტის კონსტატაცია. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე. ამაზე არ ყოფილა საუბარი. აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, რომ რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა ნატო-სკენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ჩვენი პოზიცია წერია კონსტიტუციაში. სტრატეგიული მოუთმენლობის პოზიციამ 2008 წელს გამოიწვია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ ტერიტორიების ჩაბარება. იყო უმძიმესი ავანტიურა. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა. ჩვენი ხელისუფლება არის პირველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ომი არ ჰქონია“, – განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.