დღეს იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით კენჭისყრა არ იქნება. ჩვენ დროს დავიტოვებთ, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები, შეზღუდული არ არის ეს პროცედურა, დარჩენილია მესამე ტური, გავაგრძელებთ კონსულტაციებს და იმედი გვაქვს, აუცილებლად მოხერხდება დარჩენილი ორი წევრის არჩევაც, რითაც შესრულდება 12 პუნქტი ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 90 ხმის მოგროვება აღნიშნულ საკითხზე შესაძლებელია.
„მუდმივ რეჟიმში გვაქვს კონსულტაციები, მათ შორის საჯაროდაც ვთავაზობთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მხარი დაუჭირონ კანდიდატებს, ამით ისინი გამოხატავენ საკუთარ ერთგულებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ. ისინი გარკვეულ წვლილს შეიტანენ 12 პუნქტის შესრულებაში. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება. ოპოზიციის უმრავლესობის იმედი არ გვაქვს, მათ არ სურთ, შესრულდეს 12 პუნქტი, აქედან გამომდინარე, ალბათ უმეტესობა მხარს არ დაუჭერს რეკომენდაციების შესრულებას ამ ნაწილში. თუმცა, 90 ხმის მოგროვება შესაძლებელია და ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.