ჩვენი ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სწორედ იმ კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ დაგროვილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყანა და უერთდება გაეროს და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, შეიმუშაონ ერთიანი მიდგომა და ხედვა გლობალური დიასპორული პოლიტიკის გასატარებლად, საერთაშორისო თანამშრომლობით შექმნან დიასპორის გაძლიერებისა და ჩართულობის ახალი მექანიზმები, უზრუნველყონ საერთაშორისო სტანდარტის ხელშემწყობი პირობები და ამავდროულად, დიასპორის სოციალური რესურსი ქვეყნის განვითარებისკენ მიმართონ.
ჩვენი ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სწორედ იმ კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ დაგროვილი. არაერთი პროგრამა ხორციელდება იმისათვის, რომ ეს ფასდაუდებელი ადამიანური რესურსი, კავშირები და ცოდნა ჩვენი საერთო სამშობლოს შემდგომ წინსვლას და განვითარებას მოხმარდეს.
საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს მომავალ სესიაზე წარუდგენს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტს. ჩვენი ამოცანაა, თანამედროვე ცვალებად გარემოში, უპრეცედენტო გამოწვევებისა და ასევე, შესაძლებლობების გათვალისწინებით, ყველა პირობა შევქმნათ, რათა ჩვენმა დიასპორამ ქვეყნის განვითარების პროცესში შეუფერხებელი მონაწილეობა მიიღოს. კანონპროექტი რომელიც მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრთან და დიასპორის საკითხების კვლევის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ ინსტიტუტთან - მაასტრიხტის უნივერსიტეტის კვლევით გუნდთან თანამშრომლობით მზადდება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ითვალისწინებს.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე ჩვენი ზრუნვაც განუხრელად გაძლიერდება. მინდა დიასპორის თითოეულ წარმომადგენელს ვუსურვო მშვიდობა, ბედნიერება, წარმატებები და რაც მთავარია, ჩემს ქვეყანას მინდა ვუსურვო ქართული დიასპორის თითოეული წარმომადგენელი საბოლოოდ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებოდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.