პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. კობახიძის განმარტებით, პირველ რიგში, ხელისუფლება კონცენტრირებული იყო 12 პუნქტის შესრულებაზე და ეს ყველაფერი უკვე დააფასა ევროკომისიამ, რომელმაც გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ ევროპული საბჭო საბოლოო წერტილს დაუსვამს ამ პროცესს და მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას საქართველოს სასარგებლოდ.

„რაც შეეხება იმას, თუ ვინ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ქართველი ხალხი, რომელმაც ბევრი რამ გამოიარა ჩვენთან ერთად, განსაკუთრებით წელიწად-ნახევრის განამვლობაში. შესაბამისად, მთავარი, ვინც დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, ბუნებრივია, არის ქართველი ხალხი, რომელმაც გაუძლო ბევრ რამეს, მათ შორის წელიწად-ნახევრის განამვლობაში და ძალიან პრაგმატულად შეხედა ბევრ რამეს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ევროკომისიისგან მივიღეთ დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის შესახებ. ასევე, სწორედ ხალხის დამსახურებაა, რომ დღეს ხელისუფლებაშია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქართველი ხალხია ის, ვინც დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ დიდი სამუშაო გასწია რეკომენდაციების შესასრულებლად და კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ძალიან მარტივად შეგიძლიათ, ერთმანეთს შეადაროთ 12 პუნქტი და 9 პუნქტი. ხარისხობრივად, მოცულობით არის ათმაგი სხვაობა. ათჯერ ნაკლებს გვთხოვენ ახლა, ვიდრე გვთხოვდნენ 12 პრიორიტეტის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ არსებითად ჩვენი მხრიდან შესრულდა ყველა შესაბამისი რეკომენდაცია. მუშაობა გრძელდება, თუმცა რომ ავიღოთ 9 პრიორიტეტის მოცულობა, ის არის ათჯერ ნაკლები, ვიდრე იყო 12 პრიორიტეტის მოცულობა. აქედან ძალიან ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მხრიდან გაწეული იქნა ძალიან დიდი სამუშაო, რათა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.