არსებობს ფაქტებზე დაფუძნებული ანგარიშები, სადაც ვერ გაექცევი სინამდვილეს. შეიძლება, გააკეთო უხეში განცხადება, რაც მოგვისმენია კონკრეტული ელჩების და სხვების მხრიდან, რომ მოლდოვაში ყველაფერი უკეთესად არის, ვიდრე საქართველოში, თუმცა ეკონომიკა რომ ავიღოთ, ჩვენ 11 მილიარდით გავზარდეთ ოთხ წელიწადში სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოსა და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის სხვაობა, სულ მცირე, 2,5 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.

„სხვაობა მეტია, მაგრამ ზრდა გვაქვს 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი ყოველწლიურად, რაც ბიუჯეტში შედის. გახსოვთ, ვიღაცები 100 მილიონი ლარის საბიუჯეტო შენატანებს გვამადლიდნენ, არც იყო საბიუჯეტო შენატანი სინამდვილეში და მოლდოვასთან 2,5 მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ ყოველწლიური სხვაობა საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში. მაგალითად, როცა ეკონომიკას აფასებ, ვერ გაექცევი იმაზე საუბარს, რომ საქართველოში ეკონომიკა და ბიზნესგარემო არის ბევრად უკეთესი, ვიდრე მოლდოვაში, მაგრამ როცა ხარ პოლიტიკოსი ან ელჩი და ფაქტებზე დაფუძნებით საუბარი არ მოგეთხოვება, შეგიძლია, პირდაპირ გამოხვიდე და თქვა, რომ უკეთესი მდგომარეობაა მოლდოვაში, სადაც კორუფცია ყვავის, ეკონომიკა გაჩერებულია. გამოვიდა მთელი ბიუროკრატია და ამბობს, როგორ შეიძლება პარტიის აკრძალვა, ამ დროს ერთმანეთის მიყოლებით აკრძალეს პარტიები უკრაინასა და მოლდოვაში, ტელევიზიები. მოლდოვაში არის საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 და საზოგადოებრივი მაუწყებელი 2, იქ მედიაპლურალიზმი ყვავის და საქართველოში მედია არის საშინელ მდგომარეობაში? ფაქტებზე დაფუძნებით როდესაც საუბრობ, ვერ გაექცევი იმას, რომ არის ერთი საზმაუ, მეორე საზმაუ, მეტი არაფერი. საქართველოში არის ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე კერძო ტელევიზია, ყველას აქვს თავისუფლად მაუწყებლობის საშუალება. ფაქტებზე დაფუძნებით როცა საუბრობ, ვერ გაექცევი სინამდვილეს, მაგრამ ზოგად განცხადებებს თუ აკეთებ, შეგიძლია, ნებისმიერი რამ თქვა და ენას ძვალი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.