ჩვენ მზად ვართ ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სტატუსი არ არის საკმარისად პოზიტიური, საქართველო ძალიან დაინტერესებულია, ეს შეცვალოს.

„ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენთვის მართლაც არსებითია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს თავისი ტრადიციული ღირებულებები. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვხედავთ ნეგატიურ ტენდენციებსაც, მაგალითად, ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება მიგრაციას და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობასთან დაკავშირებულ უარყოფით ტენდენციებს. ჩვენთვის ეს მოვლენები შეშფოთებას იწვევს, ასე რომ, პირველი მიზეზი, რის გამოც მივიჩნევთ, რომ საქართველო ევროპული ერია, არის ღირებულებები, ტრადიციები და საქართველოს ევროპული კულტურა.

მეორე საკითხი, რომელზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო, არის საქართველოს სტრატეგიული როლი, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კუთხით. ამ მხრივაც ვხედავთ ევროპისთვის ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც უარყოფითად აისახება ევროპის ეკონომიკაზე. ვხედავთ, რომ ევროპამ დაკარგა კონკრეტული მარშრუტები აღმოსავლეთისკენ, ხოლო ევროპის კავშირი აზიასთან ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ამ ვითარებაში, საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთისკენ მიმავალ ერთადერთ გზად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მყარი კავშირების შენარჩუნება. საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და, შესაბამისად, მსოფლიოს დასავლურ ნაწილთან, ანუ ევროპასთან.

ჩვენ მზად ვართ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. ევროკომისიამ უარი თქვა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე, მოგვიანებით კი, 2024 წლის ივნისში, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებაზე. ამჟამად, ჩვენი ურთიერთობების სტატუსი არ არის საკმარისად პოზიტიური და ჩვენ ძალიან დაინტერესებულნი ვართ, ეს შევცვალოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ, უაღრესად მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა. თუ ორივე მხარეს ექნება სურვილი, ევროკავშირში იხილოს ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული აზროვნებისა და ეკონომიკურად მყარი საქართველო, მჯერა, შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.