"დასრულდა სარჩელზე მუშაობა, შედგა სარჩელი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისვე თქმით, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სარჩელის მომზადებაში, რათა სარჩელი ყოფილიყო მაქსიმალურად მყარი
"ყველას კარგად გახსოვთ საგამოძიებო კომისია, შემდეგ მომზადებული დასკვნა, როგორი მძიმე დასკვნა იყო. მაქსიმალურად ვიყავით ჩართულები, რომ სარჩელი ყოფილიყო მყარი და ამის საფუძველს გვაძლევდა ჩვენი დასკვნა, რომელიც დადო საგამოძიებო კომისიამ.
დასრულდა სარჩელზე მუშაობა, შედგა სარჩელი. ბატონი შალვა მოგახსენებთ ყველა დეტალს, ყველა პროცედურას გაივლის და დამერწმუნეთ საზოგადოება დააკვირდება პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხზე მომზადებული სარჩელის დეტალებზე ისაუბრებს. დოკუმენტი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიან ანგარიშს ეყრდნობა. საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს.









