კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მომხმარებელთა უფლებების დაცვა, აღსანიშნავია, რომ მომართვიანობა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით სააგენტოში 65 %-ით გაიზარდა, ხოლო რაც შეეხება მიმდინარე წლის 2 თვეს, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, GCCA-ში შემოსული განცხადებების რაოდენობაში 92 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც, უფლებების ნაწილში მომხმარებელთა ცნობიერების ზრდაზე მიუთითებს, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ბათუმში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძემ, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება დაუთმო GCCA-ის მიერ შემუშავებულ ძირითად სტანდარტებს, სახელმძღვანელო დოკუმენტებს და სააგენტოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით.
მისივე თქმით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ განხილული საქმეების 90 % მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება და, გასულ წელს, ჯამში, მომხმარებლებს 1 მლნ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ.
„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის განსაკუთრებული პატივია, რომ 2026-2027 წლებში საქართველო უხელმძღვანელებს მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო ქსელს - ICPEN-ს. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან აღიარებას ჩვენი ინსტიტუციური განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და იმ პროგრესის, რომელიც ქვეყანამ მომხმარებელთა დაცვის სფეროში განახორციელა. ამავე კონტექსტში, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ICPEN-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაწესებული 2025 წლის მომხმარებელთა განათლების ჯილდო მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო ადასტურებს, რომ მომხმარებელთა ინფორმირება და განათლება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ - აღნიშნა GCCA-ის თავმჯდომარემ.
ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დანერგილი სტანდარტები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს.
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ბოლო ღონისძიება, ხვალ, წყალტუბოში გაიმართება.




