„ვინ ეკითხება მამუკა ხაზარაძეს და გახარიას, ან ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს როგორი კონფიგურაცია უნდა დაჯდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფლანგებს შორის“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„მოკლე უნიჭო სპექტაკლი“-ასე შეაფასა კირცხალიამ პარტია „საქართველოსთვის“და „ლელოს“ არშემდგარი შეთანხმება. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გარე პატრონებისგან მიიღო დავალება და დარწმუნებულია, ამ გაერთიანებასაც მიიყვანენ დავალების მიმცემები ბოლომდე. „სალომე ზურაბიშვილმა, მათი პატრონებისგან, რომლებიც აქ ლობირებენ, მიიღო დავალება, დაიბარა ორივე სუბიექტი, გადასცა დავალება და მათ ეს უნდა შეასრულონ. ეს სპექტაკლი დაყვეს ორ ნაწილად.
პირველი მოქმედება, ეს ორ-სამ დღიანი მოქმედება [იყო], რაც ვნახეთ ამ უნიჭო სპექტაკლის. პოლიტიკური დღის წესრიგიც კი ვერ შექმნეს ამ კეკლუცობით და ამ ვითომ ვერ შეთანხმებით და ახლა ვნახავთ მეორე სპექტაკლს, ჯერ კიდევ არის დრო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ ეკითხება არც გახარიას, არც ხაზარაძეს და არც სალომე ზურაბიშვილს რა კონფიგურაცია უნდა დაჯდეს. ხშირად მითქვამს და ყველგან გავიმეორებ, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ორგანიზმის ნაწილები და რაც შეეხება ამ ორ სუბიექტს, ერთს პლუს ნული უდრის ერთს. ასე რომ, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და დარწმუნებული ვარ, დავალების მიმცემები ამ გაერთიანებასაც ბოლომდე მიიყვანენ“-განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.