ევროპაში მოგზაურობა მხოლოდ სააკაშვილის ბანდის, თუ კასტისთვის იყო დარეზერვებული. შეიძლება ადამიანს აღარც ახსოვდეს, რომ 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო 100 ევროდ წასულიყო ევროპაში ყოველგვარი ვიზის გარეშე. ეს ვინ მოიტანა?! მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თუ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, რომელიმე ხელისუფლებამ კონკრეტული შედეგი მოუტანა ჩვენს ხალხს, ეს არის ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, უვიზო რეჟიმი, ახლა ევროპული პერსპექტივა, ველოდებით სტატუსს, რომელიც სიმბოლური მნიშვნელობისაა, მაგრამ მნიშვნელოვანია და შემდეგი ეტაპია. მე კარგად მახსოვს, უზარმაზარი რიგები იდგა საკონსულოებთან და ჩვეულებრივი ხალხი, ჩვეულებრივი მოკვდავები ვერ მივდიოდით ევროპაში, ვერ ვმოგზაურობდით, რადგან ვიზებს არ გასცემდნენ, ან გასცემდნენ ძალიან რთულად. მაშინ რეალურად, ევროპაში მოგზაურობა ტურისტული მიზნით თუ სხვა მიზნით, იყო მხოლოდ პრივილეგირებულთა, ელიტის, სააკაშვილის ბანდის, თუ კასტისთვის დარეზერვებული. დღეს ეს ხომ მოხსნილია. შეიძლება ადამიანს აღარც ახსოვდეს, რომ 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ 100 ევროდ წასულიყო ევროპაში ყოველგვარი ვიზის გარეშე. ეს ვინ მოიტანა?! მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბედნიერია, რომ იმ ისტორიულ პროცესში მიიღო მონაწილეობა, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება შეცვალა.
„მე ვარ უზომოდ ბედნიერი, როცა ვიხსენებ, თუ რა გზა გამოვიარეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. თანამონაწილე ვიყავი ამ ისტორიული პროცესის. რაც მთავარია, მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ჩვენს ხალხს. ხალხმა დაიჯერა ლიდერის და ლიდერის წინამძღოლობით მოხდა ხალხის კონსოლიდაცია, გაერთიანება, მტკიცედ დადგომა და ამ ისტორიული გამარჯვების მიღწევა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.