„დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, დღევანდელი შეხვედრისთვის. მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მქონდა შეხვედრა ქალბატონ ნინოსთან, ასევე მოსამართლეებთან, საბჭოს წევრებთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი: მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს."- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, როგორც შიდა ჩარევებისგან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის. მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის, სუვერენულ სასამართლოზე და მოსამართლეებზე.
მე ასევე დავუდასტურე პატივცემულ მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისგან, ყოველგვარი ზეწოლისგან. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ჩვენ, მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, ვისწრაფვით. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები სასამართლოში იმისთვის, რომ სასამართლო გამხდარიყო ისეთი, როგორიც არის დღეს- დამოუკიდებელი და თავისუფალი. თავისუფალი, დამოუკიდებელი ყოველგვარი ჩარევებისგან. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა. იქნება ეს შიდა ჩარევა, მთავრობის მხრიდან თუ სხვა, ნებისმიერი სხვა შტოს მხრიდან ჩარევა. ასევე, რა თქმა უნდა, დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში. მოსამართლეების მიმართ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ