საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ცალკეული ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან დამკვიდრებულია ორმაგი სტანდარტი, მიკერძოებული დამოკიდებულება და საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ილია ინჯია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „კატეგორიულად მიუღებელია მბრძანებლური ტონი ქვეყნის მიმართ, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მტკიცე სახელმწიფოებრიობა და თავისუფლებისთვის ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს“.
„პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობას და ქვეყნის მთავარი მონაპოვრის, სუვერენიტეტის პატივისცემას. ამ ძირითად პრინციპებს როდესაც ცვლის პოლიტიკური ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა და ცალმხრივი შეფასებები, ეს უკვე პარტნიორობა აღარ არის. ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა. მსგავსი განცხადებები მხოლოდ აზიანებს ევროკავშირის ავტორიტეტს საქართველოში, აძლიერებს უნდობლობას და ნათლად აჩვენებს, რომ ცალკეული ევროპელი ჩინოვნიკებისთვის დემოკრატია მისაღებია მხოლოდ მაშინ, როცა შედეგი მათ პოლიტიკურ ინტერესებს ემთხვევა. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტებით, რომელსაც ჰყავს საზოგადოება და კანონიერი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მომავალს თავად განსაზღვრავს. ჩვენთვის ევროპული გზა არ ნიშნავს ეროვნული ღირსების დათმობას, სუვერენიტეტის შეზღუდვას ან გარედან თავსმოხვეული დღის წესრიგის მიღებას. ევროპა ჩვენთვის ნიშნავს ძლიერ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თანასწორუფლებიან ურთიერთობებს და არა მბრძანებლობას ან ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას. მიუღებელია, როდესაც „ევროპული ღირებულებების“ სახელით ხორციელდება თავდასხმა იმ ინსტიტუტებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. ეს აღარ არის სწორი, პარტნიორული პოლიტიკა. ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენების მცდელობა. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, შეწყვიტონ საქართველოს მიმართ უსამართლო, დამამცირებელი დამოკიდებულება, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და პატივი სცენ საქართველოს სუვერენულ უფლებას, თავად მართოს საკუთარი სახელმწიფო, პოლიტიკური პროცესები“, – წერს ილია ინჯია.
ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.







