იაგო ხვიჩია: სახალხო დამცველის საქმე არაა პირადი ცხოვრების კადრის დამზადების, ნახვის და სხვისთვის ჩვენების გამო ვიღაცის დაჭერის მოთხოვნა

1665553781
მგონია, რომ ადამიანს აქვს სამი უფლება – სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ, – ამის შესახებ სახლხო დამცველობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ცხადია, ადამიანს უნდა ჰქონდეს სიცოცხლის უფლება. თუ ადამიანია და რამე უფლება აქვს, მთავარია, იყოს ცოცხალი. თუ იქნება ცოცხალი, ის ცოცხალი ვერ გადარჩება, თუ მონაა. იმიტომ, რომ მონის უფლებების დაცვა უბრალოდ სისულელეა. შეუძლებელია, მონა არ მოკვდესო, თქვა, ბევრს ნუ ამუშავებო და ა.შ. ამიტომ, საჭიროა, ადამიანი იყოს თავისუფალი და იმისთვის, რომ ადამიანი თავისუფალი იყოს და არავის მონა არ იყოს, მას უნდა ჰქონდეს საკუთრება. საკუთრების უფლება არის გარანტი სინამდვილეში იმის, რომ ადამიანი იყოს თავისუფალი და იყოს ცოცხალი. ეს ყველაფერი ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ ესწრაფოდეს ბედნიერებას.
სახალხო დამცველი უნდა ასოცირდებოდეს ამასთან – ვიღაც გაუშვით, თავი დაანებეთ, ნუ დასდევთ, თუ შემდეგთან – ვიღაც დაიჭირეთ და დაიცავით უსაფრთხოება? ეს მეორე საკითხი, ვიღაც დაიჭირეთ და რაღაც ქენით, სახალხო დამცველის საქმე უგამონაკლისეს შემთხვევაში შეიძლება, იყოს, როდესაც ღია მოძალადე, რომელსაც ხელისუფლება ხელს აფარებს, გარეთ დადის. დანარჩენ შემთხვევაში, ზოგადად, სახალხო დამცველის ვალდებულება არის ადამიანის უფლებებზე იზრუნოს. კორონას მკურნალობა სახალხო დამცველის საქმე არ არის, ის ამისთვის არ აურჩევიათ. სახალხო დამცველის საქმე არ არის, პირადი ცხოვრების კადრის დამზადების, ნახვის და სხვისთვის ჩვენების გამო ვიღაცის დაჭერას ითხოვდეს. უამრავი ისეთი საქმეა, რომელიც ჩემი აზრით, არ არის სახალხო დამცველის საქმე, განსაკუთრებით, თუ ის ეხება სახალხო დამცველის მიერ ადამიანის უფლებების შეზღუდვას. უკვე უნდა ხვდებოდე, რომ რაღაც პრობლემასთან გაქვს საქმე, როდესაც იმ ადგილიდან, რასაც სახალხო დამცველი ადგილი ჰქვია, ითხოვ იმავეს, რასაც გენერალური პროკურორი, ან ვიღაც ასეთი მოითხოვდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე საკუთარი თავი წარადგინა.
პარლამენტში სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურა უკვე მიმდინარეობს. ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის მსურველ 19 კანდიდატს აფასებს და შეფასებებს 13 ოქტომბერს გაასაჯაროვებს
2022 წლის 30 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატთა 19 კაციანი სია წარადგინა
მოქმედ სახალხო დამცველს ვადა დეკემბრის თვეში ეწურება.