კეზერაშვილმა ფაქტობრივად გააგდო ნიკა მელია პარტიიდან, გაუშვა გვარამია, რომელიც, ხალხს რომ ჰკითხოთ, მიხეილ სააკაშვილის შემდეგ მეორე „ნაცი“ ვინ გახსენდებათო, კეზერა არ გაახსენდებათ, გვარამია გაახსენდებათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„სიმართლის ლაპარაკია ერთადერთი მთავარი ბერკეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ახლა ვარკვევთ, ოპოზიცია ნამდვილად არის თუ არა ოპოზიცია. ბატონმა ბიძინამ კი თქვა, ოპოზიცია საშინელ მდგომარეობაშიაო, მაგრამ მე მაქვს კითხვა, საერთოდ არის თუ არა ოპოზიცია? მაგალითად, „ნაცმოძრაობას“ პასუხი აქვს გასაცემი მთავარ კითხვებზე, საერთოდ არის თუ არა ოპოზიცია? თქვენ იცით, „ნაცმოძრაობაში“ არჩევნები როგორ ჩატარდა, ასევე იცით, რა კითხვები არსებობს კეზერაშვილთან. იცით, რომ კეზერაშვილი, დღევანდელი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მის სივის რომ გადახედოთ, მთელი ცხოვრება „ნაცმოძრაობის“დაქუცმაცებით იყო დაკავებული. ახლა აგერ ორი „ნაცური“ პარტია აქვს. მაგალითად, „ნაცმოძრაობასაც“ კეზერაშვილი აფინანსებს და ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის პარტიასაც. წარმოიდგინეთ, რომ გამოყო „ნაცებიდან“ რაღაც ხალხი, რომელიც ვერ გადალახავს ცალკე ბარიერს, მაგრამ ესენი ცალკე დააჯგუფო, აქეთ ისეთი გარემოება შეუქმნა, რომ ფაქტობრივად გააგდო ნიკა მელია პარტიიდან, გაუშვა გვარამია, რომელიც, ხალხს რომ ჰკითხოთ, მიხეილ სააკაშვილის შემდეგ მეორე „ნაცი“ ვინ გახსენდებათო, კეზერა არ გაახსენდებათ, გვარამია გაახსენდებათ. ასეთ კაცს უშვებ, ორგანიზაციული ნიჭის მქონე ადამიანს, რომელსაც თან „მთავარი“ აქვს, მთავარი საინფორმაციო პლატფორმა. შენ ზედ არჩევნების წინ „მთავარზე“ უარს აცხადებ და „ფორმულას“ იმედზე გადიხარ არჩევნებზე, ამბობ, რომ ეს არის მიშას ინტერესების სასარგებლო, კაცის, რომელიც ციხეში ზისო, ჩემთვის ეს ყველაფერი არ გამოიყურება დამაჯერებლად. მე ახლა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემს თავში იმასთან დაკავშირებით, ვინ არის საერთოდ ოპოზიცია? მე მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაა, მაგრამ არის თუ არა „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი შემადგენლობა, რომელიც სრულიად არასწორი მეთოდებით მოძრაობს, მათ შორის, მიშას არცერთი იდეა არ მიაჩნია სერიოზულად. თქვა მიშამ სუპერ პაკიო და ვინმემ საერთოდ თქვა, რას ნიშნავს სუპერ პაკ-ი? აგერ მიშა დაგვეთანხმა ამნისტიაზე, რომ, ვთქვათ, ამნისტიის კანონპროექტზე ჩვენთან ერთად იმუშავებდა, ამას ეთანხმებოდა, სად არის, „ნაცმოძრაობას“ ვეძებთ რამდენი ხანია, რომ ვინმე გამომეხმაუროს თავისი ინიციატივით, მიშას რომ აინტერესებს იმ თემებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გულწრფელი რომ ვიყო, ამ წუთის მოცემულობით, მე საერთოდ მგონია, რომ (თუ შევცდი, რასაკვირველია, ბოდიშს მოვიხდი და ამ პროცესსაც დავინახავთ) მიხეილ სააკაშვილი არის გამოყენებული რაღაცნაირად „ნაცმოძრაობის“ მხრიდან – ჩვენ აგერ ოფისში ვზივართ, რაღაც გადავწყვიტოთ, ვთქვათ, რომ ეს მიშასთან შეთანხმებულია და, ზოგადად, მიშას სახელით ეს რაღაც ვაკეთოთ, მიშა თუ რამე იდეებს იტყვის, ეს არ დავგმოთ საჯაროდ, შევაქოთ – მიშა, ყოჩაღ, კარგი იდეაა, იქ ვიღაც მივამაგროთ, რომ მუშაობა დაიწყოს, მაგრამ არაფერი გამოვიდეს, არაფერი არ შეიკრას, „ნაცმოძრაობამ“ კომუნიკაცია ვერ დაამყაროს ვერავისთან, გესმით? პირიქით, იქით მიდიოდეს „ნაცებისგან“ ხალხი წინასაარჩევნო პროცესში და არავინ ფიქრობდეს უკან დაბრუნებას. მინდა, მივმართო „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს, ვფიქრობ, ძალიან კრიტიკული უნდა იყვნენ თავად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებიც და თვითონ „ნაცმოძრაობის“ დღევანდელ მენეჯმენტს კრიტიკა სჭირდება. მიშა ვერ აქცევს ყურადღებას, ციხეშია ჩაკეტილი ხომ, მაგრამ აქ საერთოდ სხვა რამ ხდება და ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, მართლა ვინ არის ოპოზიცია რაღაც თვალსაზრისით, ვინ იბრძვის მოგებისთვის და ვინ იბრძვის სინამდვილეში იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ „გაუპრავოს“ კიდევ შემდეგში ერთპიროვნული მმართველობა. მე არ ვიცი ამ ადამიანის სახელი და გვარი, შეიძლება, მიშასაც კი აშანტაჟებენ ციხეში, აშინებენ და ამას სთხოვენ, რაც ახლა ხდება მისი სახელით „ნაცმოძრაობაში“, მაგრამ იმედი მაქვს, ცოტა ხანში ეს ყველაფერი ნათელი გახდება „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის და ამიტომ მოუწევს „ნაცმოძრაობას“ ამ ქცევის შეცვლა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.