ივანიშვილი უნდა მოიქცეს როგორც ჭეშმარიტი ქველმოქმედი და სააკაშვილს უპასუხოს სულის შემძვრელი სიკეთით და ქველმოქმედებით, ეს იქნება ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩვენ დავინახეთ ერთხელ უკვე ამ პარლამენტში როგორ სრულდებოდა 12 პუნქტი, თუმცა, ამ გარემოებიდან განსხვავებით ახლა პოლიტიკაში არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ 9 პუნქტის შესრულებას თავის ხელს დაატყობს თუ არა არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ პროცესში მივიღებთ მონაწილეობას, ვაითუ ბატონმა ბიძინამაც გადაწყვიტოს ამ პროცესში ჩართულობა და ჩვენ რომ იქ არ ვიყოთ, მარტო დანარჩენი ოპოზიციის იმედად ვერაფერს ხეირიანს ვერ მივიღებთ, ყველაფერში ჩავერთვებით. სანამ ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ ქართული პოლიტიკის ორ მთავარ მოთამაშეს ბატონ ბიძინას და ბატონ სააკაშვილს არ შევარიგებთ, მანამდე ასეთი პროექტების მიმართ დიდი წარმატების იმედი არ უნდა გვქონდეს, რადგან ჩვენ გვითხრეს დეპოლარიზაცია არის მთავარიო. მისი შესრულება ახალი რეგულირებებით, შეზღუდვებით, სააკაშვილის საავადმყოფოდან ციხეში გადაყვანით არ გამოვა. ჩვენ მხოლოდ შერიგებაში ვხედავთ გამოსავალს. შერიგება არის ის, რომ ორივემ უნდა დაინახოს საკუთარი თავი ამ ქვეყანაში, ორივეს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მუშაობის საშუალება, რადგან მოგეხსენებათ ორივეს პოლიტიკაში ყოფნა უნდა ან უწევს. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ბატონი ბიძინა უნდა მოიქცეს როგორც ჭეშმარიტი ქველმოქმედი და მიხეილ სააკაშვილს უპასუხოს სულის შემძვრელი სიკეთით და ქველმოქმედებით, ეს იქნება ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ. საბოლოო ჯამში სიკეთე და ქველმოქმედება აისახება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს საშუალება ქვეყნის პოლიტიკაში ჩაერთოს ღიად, არა „ვივა მედიდან“, არამედ როგორც პოლიტიკოსს შეეფერება. მე მესმის, ასეთი ნაბიჯების გადადგმა ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ თუ გვინდა დეპოლარიზაცია და გვინდა პოლიტიკური ცხოვრება თავის ჩარჩოებში მოექცეს, როგორც ბატონი ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში, ჩემი აზრით, ასევე უნდა დაბრუნდეს ბატონი მიხეილი პოლიტიკაში და დანარჩენი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხან „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობენ, ხან „ნაცების“, უნდა შეიწოვოს ამ ორმა ლიდერმა. თუ ბიძინა ივანიშვილი მართლა სერიოზულად ბრუნდება, ეს დაბრუნება არ უნდა იყოს წინა დაბრუნებასავით, რომ მერე ისევ მოუგვარებელი საკითხები რჩება და კაცს პენსიიდან ისევ უწევს დაბრუნება პოლიტიკაში. „ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ დაპირისპირებამ, შუღლმა და იმან, რომ 11 წელია ქვეყანა ზიზღით იმართება, მაინც და მაინც დიდი შედეგი არ მოგვცა, რადგან მესამედ მოუწია ბატონ ბიძინას დაბრუნება საპენსიო ასაკში. კიდევ ეს რომ არ გაგრძელდეს გაურკვევლად და იგივე ტალღაში არ ვიყოთ, რაშიც 11 წელია ვართ, რაღაც უნდა შევცვალოთ. რაღაცის შეცვლა ან უნდა გავაკეთოთ რეპრესიებით, ან დიდი ქველმოქმედებით და სიკეთით, ახლა, რეპრესიებს ხომ არ ვაკადრებთ ბატონ ბიძინას?! - არ არის ასეთი ადამიანი, მოგეხსენებათ,"- განაცხადა ხვიჩიამ.