„ფეიკი“ რომ არ იყოს პრეზიდენტი და ოპოზიციაც ასევე „ფეიკი“ რომ არ იყოს, ვისაც ეს ეხება, როგორ შეიძლება ოპოზიციას გაუბედო, რომ არ შემოხვიდეთ თქვენ დარბაზში, მარტო დამტოვეთ, „ასე კარწინკა უკეთესი იქნებაო“,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მთელი ეს პროცესი „ფეიკია“ და სხვაგვარად რომ იყოს, პრეზიდენტს მმართველი პარტია იმპიჩმენტს არ მოუწყობდა, რადგან პრეზიდენტს არა თუ არაფერი დაუშავებია „ქართული ოცნებისთვის“, არამედ დაეხმარა მათ სასამართლოში კლანის გაძლიერებაშიც კი.
„პრეზიდენტიც „ფეიკია“, მთელი პრობლემა ამაშია და იმპიჩმენტიც „ფეიკია“ იმიტომ, რომ შეუძლებელია იმპიჩმენტი მოუწყო საღ აზრზე მყოფმა ადამიანმა პრეზიდენტს, რომელსაც შენთვის არაფერი არ დაუშავებია და „ქართული ოცნებისთვის“ მართლა არაფერი არ დაუშავებია ქალბატონ სალომეს. კლანის გაძლიერებაში სასამართლოში დაგეხმარათ, იუსტიციის საბჭოში, ეროვნულ ბანკში ხომ დაგეხმარათ და დაგეხმარათ, თავისივე იმპიჩმენტი მიიღო მის მიერვე დანიშნულმა მოსამართლემ. ვეტოს ადებდა იმ კანონებს, საიდანაც თქვენ, ფაქტობრივად, არაფერს არ აგებდით, მაგალითად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით ვეტოებს გადებდათ და რა შეიცვალა? იგივე ადამიანი არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფროსი, ვინც მანამდე იყო. ზოგადად, პრეზიდენტი რომ მართლა პრეზიდენტი იყოს და „ფეიკი“ არ იყოს, ვინ გაუბედავდა საქართველოს პარლამენტში, აი, ამ პროცესის მოწყობას, რაც მას მოუწყვეს?! „ფეიკი“ რომ არ იყოს და ოპოზიციაც ასევე „ფეიკი“ რომ არ იყოს, ვისაც ეს ეხება, როგორ შეიძლება ოპოზიციას გაუბედო, რომ არ შემოხვიდეთ თქვენ დარბაზში, მარტო დამტოვეთ, „ასე კარწინკა უკეთესი იქნებაო“. „ფეიკ“ კონსტიტუციით მოწყობილი „ფეიკ“ სასამართლოში „ფეიკ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ „ფეიკ“ ოპოზიციის დახმარებით „ფეიკ“ იმპიჩმენტი - აი, ეს არის სინამდვილეში რა პროცესშიც ახლა ვიმყოფებით“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.