„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი თბილისში USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული სემინარის შინაარსს ეხმიანება და აცხადებს, რომ ტრენინგზე ძალადობის და რევოლუციური სცენარების სწავლება ხდებოდა.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, სემინარი დესტრუქციულ შინაარსს რომ ატარებდა, ეს თავად ორგანიზატორებმაც აღიარეს. „ამასთან, თავად ამ ორგანიზაციის ლიდერებმა აღიარეს ჩანაწერების ავთენტიკურობა და ის, რომ ძალადობას ქადაგებენ და ძალიან ღიმილიანი სახით ამბობდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომ უბრალოდ, ასწავლიდნენ როგორ უნდა მოხდეს იძულებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მხრიდან პოზიციის დათმობა ხელისუფლებასთან დაკავშირებით.
ასევე იმას, რომ თუ ეს არ მოხდებოდა, როგორ უნდა განეხორციელებინათ შემდეგ პარლამენტის ფუნქციონირების ჩამოშლა. ეს არის აღიარებული ამ ორგანიზაციის მხრიდან," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა და ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების სწავლების კუთხით.
სუსის განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: საქართველოში USAID-ის მოწვევით ჩამოსული სერბეთის მოქალაქეების მიზანი იყო ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადება