საერთაშორისო არბიტრაჟმა, პრაქტიკულად, მამუკა ხაზარაძეს უთხრა დაიხურე ქუდი და დაჯექი სახლშიო, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც მინიმუმ, ამ ე.წ. პოლიტიკურ პარტიას უნდა ეყოს იმის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს.
„საერთაშორისო არბიტრაჟმა, პრაქტიკულად, მამუკა ხაზარაძეს უთხრა დაიხურე ქუდი და დაჯექი სახლშიო. როგორც მინიმუმ, პოლიტიკა არ არის შენი საქმეო. აი, ეს უთხრა ამ გადაწყვეტილებით.
როდესაც შენ მთელი ოთხი წლის განმავლობაში ვალდებულებებს არ ასრულებდი სახელმწიფოს წინაშე, მერე გეყო ნამუსი და კიდევ სახელმწიფოს უჩივლე და ქართველი ხალხისგან გინდოდა მილიარდ-ნახევარი ამოგეღო, არბიტრაჟმა აქაც გითხრა, რომ აქაც არ ხარ მართალი და ამ ფულს შენ არავინ მოგცემს. პირიქით, 650 ათასი დოლარი აქეთ დააკისრა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ.
როგორც მინიმუმ, ამ შემთხვევაში, ამ ე.წ. პოლიტიკურ პარტიას უნდა ეყოს იმის შესაძლებლობა, რომ თავი დაანებოს ამ პოლიტიკას და რადგან თვითონ ამას ვერ ახერხებს, ამას გააკეთებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.