მიმაჩნია, რომ რეგულაციები უნდა არსებობდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე და „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შესახებ საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებისთვის მისაღები ფასების ქონა მათ ბაზრებზე არის მნიშვნელოვანი აუცილებლობა.
„ამ ჯაჭვის სწორად აწყობა, გამჭვირვალობა, ეს ჩვენს ინტერესში შედის. ჩვენ ყოველთვის მზად და ღია ვართ, მაგრამ ეს რეგულაციები დიდი სიფრთხილით არის შესამუშავებელი. ჩვენ არაერთი რეგულაციის შემუშავების პროცესში ამ კოორდინირებულობას ვხედავთ მთავრობის მხრიდან, თუმცა, შემიძლია დავასახელი რამდენიმე რეგულაცია, რომელიც ჯერ განხორციელდა და შემდგომ მოხდა ამ პროცესების მორგება იმ რეალობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - აღნიშნა გიორგი ხაბაშვილმა.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა.




