დიდი კომპანიები დამდეგ 26 მაისს ულოცავენ ქვეყნის მოქალაქეებს. არსებულ ვითარებაში, ყველა იწყებს იმაზე თავისმტვრევას, რუსული კანონის (ხელისუფლების) წისქვილზე უფრო ასხამს ესა თუ ის ვიდეოკლიპი თუ მისი მოწინააღმდეგეების ანუ პატრიოტი პროევროპელებისადმი სიმპატიას გამოხატავს. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ევროოპტიმისტების წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"“საქართველოს ბანკმა” სულ ახლახან დადო მისალოცი ვიდეოკლიპი. ბევრმა ოპოზიციურად აღიქვა. რელიგიურ-პატრიოტულ-ევროპული სულისკვეთების მატარებელი, დეპრესიული კლიპია, სადაც ერთგან სანთლების გრძელი წყება პრიგოჟინის საფლავების ასოციაციასაც კი ბადებს. კლიპი ყოველმხრივ ხარისხიანია, კარგად შესრულებული სიმღერით. ბოლოში ქართული და ევროპული დროშა მოჩანს. ბუნდოვანი, შუაშისტური წარწერა მაინც უფრო ოპოზიციურ ელფერს აძლევს ამ კლიპს, ვიდრე სახელისუფლოს.
მანამდე “თი-ბი-სი” ბანკმაც მიულოცა ქვეყანას 26 მაისი. პირველად მიდის პატარა ბავშვში სკოლაში დამოუკიდებლად. შიშებისა და ოპტიმიზმის ჩვენება უნდათ ამით. პატარა ბავშვი საქართველოა. ბოლო წარწერა აქაც შუაშისტურ-ნეიტრალურია, დროშები ისევ ქართული და ევროპული. საბოლოოდ, აქაც, უფრო ევროპული გზის სიმპატია იგრძნობა.
მთელ ამ ისტორიაში ის არის საგანგაშო, რომ პირდაპირ თქმას ვერ ბედავენ, კვლავ დავუბრუნდით ეზოპეს ენას, საბჭოთა ქართული კინოს ენას, როცა მინიშნებებით უნდა თქმულიყო ამბავი, რეპრესიები რომ არ დატყდომოდათ თავზე.
არაა იგავ-არაკების და მიკიბვ-მოკიბვევის დრო. დღეს, ისე როგორც არასდროს, ყველაფერი ნათელია. არ არის ახლა მფრთხალი სიმართლისა თუ ნახევარსიმართლის დრო. სათქმელი ღიად უნდა ითქვას. ბიზნესმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოავლინის.
“არა რუსულ ხელისუფლებას” თუ აშკარად პოლიტიკურია და არ უნდა ბიზნესს ღიად ჩაერიოს პოლიტიკაში რომელიმე მხარეს, რატომ არ ამბობს “ არა რუსულ კანონსო”? ეს ლოზუნგი არის პატრიოტულიც, ზნეობრივიც და ბიზნესისათვის პრაგმატულიც.
არაა ახლა სანთლებითა და ბავშვის ტიკტიკით მინიშნებების დრო, ახლა პირდაპირი სიმართლის დროა." - წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, თიბისი ბანკის გზავნილია - "დამოუკიდებლობა იწყება შენით", ხოლო "საქართველოს ბანკის" - "არ გაჩერდე, საქართველო"
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.
საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია
2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.