"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი გივი თარგამაძე ადასტურებს, რომ მისი მანქანის აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში იყო შიდა დაპირისპირება და პირადად მას და მის თანაგუნდელებს მიხეილ სააკაშვილი ღალატში ადანაშაულებდა. 

თუმცა, გივი თარგამაძე ამბობს, რომ ეს გარემოება მისი მანქანის აფეთქებასა და მკვლელობის მცდელობის საქმესთან კავშირში არ არის.

მისივე თქმით, მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული დარჩო ხეჩუაშვილის ნაწილობრივ აღიარებით ჩვენებას არ ენდობა.

„ხელისუფლების მიზანი იყო ის, რომ დაზაფრეს ამომრჩეველი და აქტივობა დაეცა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩვენ გვქონდა გარკვეუელი სხვადასხვა ტიპის შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე და ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. ეს არანაირ კრიმინალურ ნაწილზე არ გადასულა“, - აღნიშნა „ქრონიკასთან“ საუბრისას გივი თარგამაძემ.

მან კომენტარი გააკეთა იმაზეც, თუ როგორ მოიპოვა შოთა ჭიჭიაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მაშინ, როდესაც ოდესაში მაღალ თანამდებობებს მიხეილ სააკაშვილი და გია ლორთქიფანიძე იკავებდნენ.

„თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინაში რთულია პასპორტის გაკეთება? არასდროს არ იყო რთული. ჯერჯერობით უკრაინაში, სამწუხაროდ, ძალიან კორუფციული სისტემაა და მაგ მხრივ პრობლემა არავის ჰქონია“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

დღეს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა: „სააკაშვილი არ ენდობოდა გივი თარგამაძეს, ამიტომ 2016 წელს მისი კონტროლი და თვალთვალი დაავალა შოთა ჭიჭიაშვილს, რომელმაც საქმეში, თავის მხრივ, დარჩო ხეჩუაშვილი ჩართო“.

 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი კი უკრაინაში 2019 წელს მოკლეს.