საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული თანამშრომლობა, ერთობლივი ინიციატივები და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრებმა იმსჯელეს ორივე ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებზე, უმაღლესი განათლებისა და კვლევის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაფართოების მიზნით, ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების ფონზე, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ახალგაზრდობის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ახალგაზრდული ბანაკების, გაცვლითი პროგრამების, ფორუმებისა და სხვა ახალგაზრდული ინიციატივების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.









