საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა შპს „გურიის მოამბის“, ასევე მისი მფლობელის ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ასკურავას წინააღმდეგ.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა და საინფორმაციო სააგენტომ 18 აგვისტოს და მომდევნო დღეებში ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, რომელიც გურიის სოფელ არჩეულში მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შეეხებოდა.

„მიმდინარე წლის 18 აგვისტოსა და მომდევნო დღეებში შპს „გურიის მოამბის“, ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას მიერ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ჩემს შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები, რაც წარმოადგენს პირად უფლებებზე განზრახ, არაერთგზის თავდასხმას.

საქმეში სახეზეა ცილისწამების ნიშნები. გავრცელებული ინფორმაცია შეიცავდა მცდარ ფაქტებს, რომლებიც ზიანს აყენებს ჩემს ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას და მიზნად ისახავს კანონიერი ინტერესების დაზიანებას.

დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით მივმართე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. მოთხოვნაა - გავრცელებული განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.