ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან საბაზისო კვლევასთან მიმართებით, ძალიან სუსტი და არგუმენტისგან დაცვლილი იყო. ამაში საზოგადოება თვითონვე დარწმუნდა, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო მცდელობა იმისა, რომ როგორმე ისრები სხვა მიმართულებით გადაეტანათ, ყურადღება სხვა მიმართულებით წასულიყო.
„საზოგადოებას ორი კვირის წინ ჩვენ წარვუდგინეთ საბაზისო კვლევის ანგარიში, რომელიც ეხებოდა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომლებმაც მიმდინარე წლის 8 აპრილს, 474 ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას და რაც ეხებოდა მათ წინააღმდეგობას გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით.
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად გაიგო იმის შესახებ, თუ როგორი გაუმჭვირვალეა ეს სექტორი და ფაქტობრივად, თითზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციები აკმაყოფილებდნენ იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც გამჭვირვალობასთან და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან არის დაკავშირებული. ამის შემდეგ, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები, რომლითაც შეეცადნენ, რომ როგორღაც გადაეფარათ ეს საკითხი და მათ განაცხადეს იმის თაობაზე, რომ მაგალითად, მცირე ლოკალური თემის და რეგიონულ ორგანიზაციებს არ აქვთ ვებგვერდი და შესაბამისად, ამის ფინანსური ხარჯები, რითაც ისინი ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რომ ინფორმაციის არქონა ვებგვერდის მეშვეობით სწორედ ამით იყო განპირობებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი მიზნისთვის ეს ვერანაირი გამართლება ვერ იქნება. აქ საუბარია საზოგადოების წინაშე ანგარიშგებაზე.
ასევე, გაკეთდა ძალიან საინტერესო და უცნაური განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოსდა კონფიდენციალური ინფორმაციაა იმ ადამიანების სამუშაო ადგილი, ვინც არასამთავრობო სექტორშია დასაქმებული და ამის ვალდებულება არ არსებობს, რომ გუნდის წევრები გასაჯაროვდეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ დონორ ორგანიზაციებს ეს ორგანიზაციები დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მათ შორის იმ ადამიანების შესახებ, ვინც პასუხისმგებელია კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე. ანუ, რა გამოდის, რომ საზოგადოების წინაშე არ არის ვალდებულება ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, მაგრამ დონორი ორგანიზაციების, ვინც თანხას უხდის, რა თქმა უნდა მათ წინაშე ყველა ინფორმაცია ხსნილია და დეტალურად არის მიწოდებული.
ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან საბაზისო კვლევასთან მიმართებით, ძალიან სუსტი და არგუმენტისგან დაცლილი იყო. ამაში საზოგადოება თვითონვე დარწმუნდა და ეს იყო მცდელობა იმისა, რომ როგორმე ისრები სხვა მიმართულებით გადაეტანათ, ყურადღება სხვა მიმართულებით წასულიყო და ის რეალური ფაქტი, რაც მათ გაუმჭვირვალობას ასაბუთებდა, ეს კიდევ ერთხელ რაღაცნაირად გადაფარულიყო, თუმცა ეს ასე ვერ მოხდა და ვერ მოხდება. მათ თავისი განცხადებებით ფაქტობრივად აღიარეს ის, რომ ეს სექტორი არ არის გამჭვირვალე და უფრო მეტსაც გეტყვით, განცდა ჩნდებოდა მათი განცხადებებიდან, რომ კიდევ ერთხელ ისეთი შეგრძნება იყო, რომ ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამჭვირვალე. ასეთი პათოსი დასდევდა მათ განცხადებებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.