უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქტს ხელი მოაწერა 474-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ. გვინდა, წარმოგიდგინოთ შედეგები 474 ორგანიზაციასთან მიმართებით, რომელიც აპროტესტებდა კანონის მიღებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
გივი მიქანაძის თქმით, ამ ორგანიზაციათა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი კანონის აღსრულებას არ დაემორჩილებიან და არ გაივლიან კანონის საფუძველზე რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში.
„პირველი კომპონენტია, რამდენი ორგანიზაცია ფლობს ოფიციალურ ვებგვერდს. 474 ორგანიზაციიდან 241 ორგანიზაციას, 51 პროცენტს ვებგვერდი არ აქვს. ვებგვერდი დღეს არის მთავარი საკომუნიკაციო კომპონენტი და ასევე ორგანიზაციის ვიზუალიზაცია, იმიჯი დაკავშირებულია სწორედ ვებგვერდის გამოყენებასთან. ვხედავთ, რომ 51 პროცენტს ვებგვერდი არ აქვს და შესაბამისად, გამჭვირვალობის კომპონენტი ფიზიკურად ვერ იქნება დაცული, ინფორმაციის მოძიება შეუძლებელი ხდება.
შემდეგი კომპონენტია, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაცია დონორების შესახებ. 296 ორგანიზაციას, ანუ 62 პროცენტს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო. არ აქვს მითითებული, რომელი დონორისგან მიიღო კონკრეტული დაფინანსება.
მესამე კომპონენტია, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტების დასახელება. აქ იგულისხმება როგორც განხორციელებული, ისე მიმდინარე პროექტები. 474 ორგანიზაციიდან 320-ს, ანუ ორგანიზაციების 68 პროცენტს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება.
კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს, როდესაც გრანტების ოდენობას ეხება საქმე. 474 ორგანიზაციიდან 89 პროცენტს, 422 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული პროექტებთან დაკავშირებით საგრანტო მოცემულობები.
შემდეგი კომპონენტია, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტის/გრანტის ვადა. 378 ორგანიზაციას, 80 პროცენტს, ანუ ყოველი ხუთიდან ოთხს არ აქვს მითითებული პროექტის/გრანტის ვადა.
ვხედავთ, რამდენ ორგანიზაციას აქვს განთავსებული წლიური ანგარიში, 458 ორგანიზაციას არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში. ორგანიზაციების 97 პროცენტს.
ბოლო კომპონენტია, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაციას გუნდის შესახებ. ანუ იმ ადამიანების შესახებ, ვინც ორგანიზაციას წარმოადგენს და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი. ორგანიზაციების 70 პროცენტს არ აქვს მითითებული ინფორმაცია გუნდის შესახებ. მაღალია პროცენტული მაჩვენებელი იმ ორგანიზაციების, რომლებიც არ ასაჯაროებენ გუნდის წარმომადგენლობას. ეს არის 474 ორგანიზაციიდან 334 ორგანიზაცია.
474 ორგანიზაციიდან მხოლოდ რვა ორგანიზაციას აქვს შვიდივე კომპონენტი დაცული. ეს არის მხოლოდ საბაზისო ინფორმაცია, რა ორგანიზაციაა, რა აქტივობებს ახორციელებს, ვისგან იღებს თანხებს. ქვეაქტივობები თითოეული კომპონენტის მიხედვით და სიღრმისეული ანალიზი ჩვენ არ გაგვიკეთებია. ვხედავთ, საბაზისო დონეზე როგორი კატასტროფული მდგომარეობაა გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ღიაობისა და ანგარიშგების კუთხით.
ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაზე, რომ მიღებული კანონი აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ ის სექტორი, რომელიც ამ დრომდე არ იყო გამჭვირვალე, გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და საზოგადოების ინფორმირება იყოს შესაძლებელი. კანონი ჯერ ძალაში არ შესულა, დაახლოებით რამდენიმე კვირაში ამოქმედდება. შემდგომში შევხედავთ, პროცესები როგორ განვითარდება. თუმცა, ფაქტია, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე ეწინააღდეგებოდნენ კანონის მიღებას და ამბობდნენ, რომ ისინი არიან გამჭვირვალე, რეალურად არ არიან არც გამჭვირვალე და არც ანგარიშგებას ახდენენ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.