აღმოჩნდა, რომ „თბილის პრაიდი“ არის ერთ-ერთი ის დაჯგუფება, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს შესაბამის დავალებებს, კონკრეტულ მითითებებს და ინსტრუქციებს კარნახობს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ „თბილისი პრაიდის“ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ განცხადებაში იკვეთება, რომ შარშანდელი დესტრუქციული არეულობების მცდელობებიც მათი ორგანიზაციული კონტექსტის შემადგენელი ნაწილია და ეს ყველაფერი მიუთითებს იმ გეგმაზომიერ, მიზანმიმართულ მოქმედებებზე, რომელიც ამ ადამიანებისგან საზოგადოებას აღარ უკვირს, თუმცა უკვე გაცხადებულად ჩანს ეს ადამიანები რა მიზანს ემსახურებიან და როგორ მოქმედებენ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.