ყველამ იცოდეს, რომ ეს ხელისუფლება ყველას ხელისუფლებაა, მაგრამ ვინც არ უნდა დააშავოს, ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ეს არის ჩვენი შვილების გაწირვა სიკვდილისთვის. არ მგონია, რომ ამას ადრე თუ გვიან, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები ვერ მიხვდნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გიორგი გახარიას განცხადების შეფასებისას, რომელიც მეორე ფაზაში უმართავი პროცესების გამოწვევას, ეკონომიკურ კრიზისის შექმნაზე საუბრობდა.

„რაც ქარტიის ფორმატში ჰქონდათ დაგეგმილი, ვინც მას მოაწერა ხელი - სალომე ზურაბიშვილია მოწინავეთა რიგებში და დროშით წინ მიუძღვით, ჩაანაცვლა სააკაშვილი, დღეს ამ სცენარის განხორციელების თაობაზე გვიყვებიან. საჭიროა, რომ ამ აჟიოტაჟმა შექმნას არაჯანსაღი სიტუაციური პროცესები. აუცილებლად მსხვერპლი უნდა იყოს, აუცილებლად! რადაც არ უნდა დაუჯდეთ. ესეც პირველი ეტაპის ამოცანაა, რომ საერთოდ საქართველოს მიმართ, ხელისუფლების მიმართ შეიქმნას ნეგატიური დამოკიდებულება მთელს მსოფლიოში. ამისთვის მსხვერპლია საჭირო და სწორედ ის სცენარი უნდა განმეორდეს, რაც უკრაინაში მოხდა. ამას არავითარი მეორე აზრი, ინტერპრეტაცია, წამოცდენა არ შეიძლება ეწოდოს. ახლა ამის მოხდენა სურთ. სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელმაც ეს თავის თავზე უნდა იკისროს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, დაპირისპირება და ძალის გადამეტება აქციებზე შესაძლოა, მოხდეს, რადგან სპეციალურად დატრენინგებული ხალხი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს პოლიციას.

„აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი წინასწარი გეგმაა, სცენარი და ამ სცენარს აჟღერებს გახარია, იგივე გვარამია - სხვა ფორმით. ამასთან დაკავშირებით ასევე სხვა ფორმით საუბრობს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“. ასე, რომ ეს ჩვენ არ გვიკვირს, მთავარია, ხალხმა გაიგოს, ყველამ იცოდეს, რომ ეს ხელისუფლება ყველას ხელისუფლებაა, მაგრამ ვინც არ უნდა დააშავოს, ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ეს არის ჩვენი შვილების გაწირვა სიკვდილისთვის. არ მგონია, რომ ამას ადრე თუ გვიან, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები ვერ მიხვდნენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.