ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადავ გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში, ეს არის გეგმა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ცესკო-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა და დავით კირთაძეს მადლობა გადაუხადა , რადგან მისი მისი მოწოდებაა, რომ ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი გასცეს.
„მინდა, მადლობა ვუთხრა დავით კირთაძეს. მან გააკეთა ქართველი ხალხის გასაკეთებელი და ამით თქვა სათქმელი, რომ ეს არჩევნები დაწერილი შედეგების არჩევნებია, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ყველამ, აქ ვინც არის, ამ საქციელს ტაში შემოკრა. კალანდარიშვილს და მის გვერდზე მჯდომებმა იცოდნენ, რომ არიან ამ ქვეყნის სირცხვილი და გარეთ თავს ვერ გამოყოფენ. საზოგადოებას ვეუბნები, ძალიან კარგი, სიმბოლური ქმედებაა. ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადმე გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში. აი, ეს არის გეგმა. მოწოდებაა, ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისათვის: ცესკოს სხდომა, რომლის დღის წესრიგში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამების საკითხი დგას, დაპირისპირებით დაიწყო."ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც სიმბოლო არჩევნების გაყალბების.
დავით კირთაძე დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა."შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და შავი ლაქა" - უთხრა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს. ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომა შეჩერებულია. ცესკო დღეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს - ოპოზიცია ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს