„23 პროექტიდან სრულფასოვნად შესრულდა მხოლოდ ორი პროექტი. პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ შეუსრულებელია. ნებისმიერ სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა სჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკა განავითაროს. მეტი ინვესტიცია გზებში, რკინიგზაში, აეროპორტში ქმნის მეტ დოვლათს, მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკას. ჩვენთან სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. ჩვენ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან. არის ან სისტემური გულგრილობა, ან სისტემური კორუფცია, რადგან ფაქტობრივად, არც ერთი პროექტი  ბოლომდე არ არის მიყვანილი“, - ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს მოუსმინეს. 


მისი თქმით, სავალუტო ფონდს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით აქვს ინდექსი, რომლის მიხედვით, საქართველოს სარკინიგზო მომსახურების ხარისხს 100 ქულიდან  აქვს 48 ქულა, საავტომობილო გზის ხარისხს - 46, რკინიგზის სიმჭიდროვეს- 46, საზღვაო პორტების მომსახურებას - 45, აეროპორტებს - 40 ქულა, დიდი გემების მიღების შესაძლებლობას - 6 ქულა.
„როდესაც ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მთავარი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა?! როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები?!  ეს არის მთავარი პრობლემა. სამწუხაროდ, თბილისი არის საცობების ქალაქი, საქართველო საცობების ქვეყანა და აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე ერთი დიდი ჩიხი წარმოიშვა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.