თქვენ ერთი რამე გჭირთ, ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან. თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ იცავთ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს.

მისი თქმით, მინისტრმა გომელაურმა უწყებაში შექმნა სადამსჯელო ჯგუფები, რომლებიც პარლამენტის წევრებსა და ახალგაზრდებს ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან.

„ელისაშვილმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა“- ეს არის კახა კალაძის განცხადება - თქვენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ეთანხმებით ამ განცხადებას ? მაგრამ ეთანხმებით კი არა, თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმენით სადამსჯელო ჯგუფები და პირადად თქვენი დავალებით ეს სადამსჯელო ჯგუფები უსწორდებიან პარლამენტის წევრებს.

თქვენ შექმენით სადამსჯელო ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროში და სრულად პასუხს აგებთ იმ დანაშაულზე, რომელსაც პოლიციის მუნდირის ქვეშ ამოფარებული მცირე სადამსჯელო ჯგუფები ახორციელებენ მოქალაქეების წინააღმდეგ. ყველა დაკავებული ბოლო აქციების პირობებში ამბობს, რომ თქვენი დავალებით პოლიციის წარმომადგენლები მათ ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან. თქვენი დავალებით ახალგაზრდებს შუკა -შუკა დასდევდნენ „რობოკოპების“ თუ სხვადასხვა ფორმებში გადაცმული კრიმინალები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ამის არაერთი კადრია. აგებთ თუ არა პასუხს ამაზე? საზოგადოებას გაეცით პასუხი! თქვენ ერთი რამე გჭირთ,  ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან. თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ იცავთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და უნდა აგოთ ამაზე პასუხი. თქვენ ყველა შემთხვევაში მოგიწევთ პასუხის გება ამ საკითხზე, ვერ გაექცევით ხალხს!

თქვენ არ იცავთ არც ქალთა უფლებებს, არც ახალგაზრდების უფლებებს, არ იცავთ არავის უფლებებს. ქალაქის ცენტრში ცხრილავენ ახალგაზრდებს კრიმინალური დაჯგუფებები. პოლიცია რითაა დაკავებული ? ახალგაზრდების დასჯით, ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლით. ეს არის თქვენი სახე რეალურად, „ქართული ოცნების“ თავიდან ბოლომდე, ამიტომ მე გეუბნებით რომ თქვენ თქვენი სადამსჯელო ჯგუფებით ვერავის ვერ შეაშინებთ! თქვენი არავის არ ეშინია!“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.