საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით - ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ანსამბლ „მძლევარის“ 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია დაესწრო.
კონცერტზე შესრულდა მსოფლიოს საგუნდო (ამერიკული, ევროპული, აფრიკული) ნაწარმოებები ქორეოგრაფიული დადგმებით და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ნიმუშები, სიმღერისა და ცეკვის თანხლებით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლ „მძლევარის“ სხვადასხვა თაობის მომღერლები. აღსანიშნავია, რომ აუდიტორიის წინაშე პირველად შეასრულა ანსამბლის წევრების მშობელთა შემადგენლობამ სხვადასხვა ნაწარმოები, როგორც დამოუკიდებლად, ასევე შვილებთან ერთად.
საღამო გააფორმეს ანსამბლის შექმნის დღიდან (1994 წ.) დღემდე არსებული ფოტო-, აუდიო- და ვიდეომასალებით, რომლებზეც აღბეჭდილია „მძლევარის“ საკონცერტო გამოსვლები საქართველოსა თუ უცხოეთის სხვადასხვა სცენაზე. ასევე, ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის გუნდებმა ვიდეომიმართვებით იუბილე მიულოცეს ანსამბლ „მძლევარს“. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ კი ანსამბლ „მძლევარისა“ და მისი დამფუძნებლის, ტარიელ ონაშვილის, ვარსკვლავი გაიხსნა.