რა დროს შეგონებებია, ახლა ნაბიჯების დროა და ის მინიმალური კომპეტენცია, რაც პრეზიდენტს აქვს, გამოყენებული უნდა იყოს ევროპული პერსპექტივის რეალიზებისთვის, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, სადაც ის ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„მოწოდებები არაფერს შველის. პრეზიდენტის ინსტიტუციას კონკრეტული ფუნქციები აქვს. მაგალითად, კითხვა დავსვათ, რატომ წარადგინა მან იუსტიციის საბჭოში ადამიანი, რომელიც კლანს უფორმებს ყველა გადაწყვეტილებას. ეს ადამიანი ნათესაურადაა დაკავშირებული კლანის წევრებთან. ამიტომ პრეზიდენტმა ან უნდა გამოიხმოს, ან გააუქმოს, ან რაღაც გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. რა დროს შეგონებებია, ახლა ნაბიჯების დროა და ის მინიმალური კომპეტანცია, რაც მას აქვს, გამოყენებული უნდა იყოს ევროპული პერსპექტივის რეალიზებისთვის. ეს არის ყოველთვის ჩვენი მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა თქვას, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს.
„ვუსვამ კითხვას სალომე ზურაბიშვილს, თქვენ რას აკეთებთ, ქალბატონო სალომე, ქმედით ნაბიჯებს დგამთ თუ მხოლოდ ლაპარაკით შემოიფარგლებით? მან უნდა თქვას, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. ჩვენ ხომ არ ვუკარნახებთ პრეზიდენტს, რა ქმედითი ნაბიჯები უნდა იყოს. ამაშია მის პოზიციასთან ჩვენი განსხვავება, რომ მხოლოდ ლაპარაკი არ არის საკმარისი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.