ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნა, ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა უკვე დამღლელია და მოდი, ყველამ რისიც გვწამს და გვჯერა ის საქმე გავაკეთოთ, ყველამ გავასწოროთ სამიზნე იმ რუსულ რეჟიმზე, რომელიც დღეს არის დამყარებული საქართველოში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მიზანი არის მკაფიო და როდესაც ცრუ მოლოდინები არ იქმნება, შედეგი აუცილებლად იდება.

„ხალხის პროტესტმა გააჩინა პოზიტიური განწყობები ჩვენს ევროპელ პარტნიორებში, რადგან თითქმის ხელი იყო ჩაქნეული წლის ბოლო შედეგთან დაკავშირებით. ჩვენ ვეუბნებით, რომ ვართ ერთიანები და ამიტომ წამოვედით ერთად, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი. რაც მეტად გადაიწევა კანდიდატის სტატუსის მიღება, მით მეტად გადაიწევს ევროკავშირის წევრობა.

რაც მეტი კოორდინაცია იქნება მით უკეთესი იქნება. კოორდინაციამ ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან კონკრეტული შედეგები დადო. 24 თებერვლის აქცია იყო პირველი მერცხალი, სადაც ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენ ვართ ბევრი, რუსული დეზინფორმაცია ჩვენზე არ მოქმედებს და ამან უფრო მეტი სიმყარე შესძინა საზოგადოებას, რომელიც იმ 7-8-9 მარტის აქციებში გადაითარგმნა, რომელზეც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი იდგა. მთავარია, რომ ჩვენ გვყავს ჯანსაღი საზოგადოება, რომელზეც რუსული დეზინფორმაცია არ მოქმედებს და ამ ყველაფერში ოპოზიციას აქვს თავისი მკაფიო როლი, რომ საკითხის სიმწვავე აჩვენოს რამდენად მნიშვნელოვანია და მე მგონი ჩვენ ოპოზიციამ ეს შევძელით როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე გარეთ და ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობით.

ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნა, ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა უკვე დამღლელია და მოდი, ყველამ რისიც გვწამს და გვჯერა ის საქმე გავაკეთოთ, ყველამ გავასწოროთ სამიზნე იმ რუსულ რეჟიმზე, რომელიც დღეს არის დამყარებული საქართველოში და დამერწმუნეთ გაცილებით მეტად წავალთ წინ, თუ ჩასაფრებული პოზიცია არ გვექნება.

ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და არ უნდა გადავხტეთ. შემდეგი ნაბიჯია, რომ არ მივაღებინოთ ისეთი კანონები, რომელიც დააზიანებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, აუცილებელია ერთიანობების ჩვენება ამ აქციებით“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.